„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურულ შესაბამის პროექტებსაც ვახორციელებთ საავიაციო სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს კარგი ტენდენცია. სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება და შესაბამისი სერვისები დაემატება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ბორტები და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვავითარებთ სერვისებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არაერთი ახალი სერვისი შევთავაზეთ მომხმარებელს - ბიზნეს ლაუნჯიდან დაწყებული ელექტრონული სერვისებით დამთავრებული. ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს, ზოგადად,საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - ახლაც მიდის იქ სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ გაფართოვდეს არსებული ტერმინალი და შესაბამისად, უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. დამატებით ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ აეროპორტებზეც შიდა ფრენების განხორციელების თვალსაზრისით და ამ კუთხით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის განვითარებაზე და მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.




