საქართველო ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ, ბიზნესმენმა და “ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შხვედრები მისთვის ძალიან ღირებულია.
ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და უახლოეს მომავალში ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერ ქვეყანას მივიღებთ.
“ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან ღირებულია. პირველი იმისთვის, რომ ვხვდები ბიზნესმენებს და ყველა ძალიან ღიად ვსაუბრობთ, როგორი ტენდენციებია ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მომავალში ვისახავთ გეგმებს.
ძალიან სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც კურსის დევალვაციის დამთავრების შემდეგ, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მივაღწიეთ. ყველას განწყობა და პათოსი დადებითი გახლდათ.
დარწმუნებული ვარ, ეს კურსი გაგრძელდება უახლოეს მომავალში ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერ ქვეყანას მივიღებთ. კურსი, რომელსაც დღეს ეს პოლიტიკური პარტია ატარებს, ჩვენთვის მისაღებია, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მერე ბიზნესმენი. ვფიქრობ, დღეს ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ის ადამიანი, ვინც ქვეყანას სათავეში უდგას, ძალიან სწორად ავითარებს მას”, – განაცხადა ფხაკაძემ.
სოსო ფხაკაძე: ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან ღირებულია