ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება რეალობას არის აცდენილი, თითქოს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი დაჩქარებულად არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი მარტში დაინიცირდა და მას საზოგადოების სრული მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის ინტერესიდან. წავიკითხე ევროკავშირის საგარეო პრესმდივნის განცხადება, რომელშიც სამწუხაროდ, იყო არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილება, რაც არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია. იმედი მაქვს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სრულ ინფორმაციას აწვდის ბრიუსელს. არანაირი დაჩქარებული პროცესი ეს არ ყოფილა. კონსტიტუციური ცვლილების კანონპროექტი მარტში დაინიცირდა, რომლის ნაწილი და გამეორება ის კანონია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა რამდენიმე თვე გაგრძელდა, მათ შორის საკონსტიტუციო საჯარო განხილვის პროცესში.
„5000 მოქალაქეს შევხვდით 11 შეხვედრაზე, ათ რეგიონში ვიყავით. 5000 მოქალაქეს შევხვდით, გვქონდა ღია დისკუსია და არის სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. გარდა ამისა, 17 მაისს თუკი რომელიმე უცხოელი ვერ ესწრებოდა იმ შეხვედრებს, რომელიც რეგიონში იყო და არ იცის, მხარდაჭერა იყო თუ არა, 17 მაისი ნახონ საინფორმაციო სივრცეში, ახალი ამბები, ნახონ ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ კანონთან დაკავშირებით და ნახავენ, ამ კანონს აქვს ხალხის სრული მხარდაჭერა. ამიტომ, გასაკვირი არის ის განცხადება, რაც მოვისმინეთ, თითქოს ქართველი ხალხის ინტერესში არ არის, რაც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. მიკვირს, როგორ მოხვდა ასეთი არასწორი ინფორმაცია ამგვარ განცხადებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.