„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) სექტემბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში წარმოებული იყო 1,107063 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,5%-ით ნაკლებია წინა წლის სექტემბერში წარმოებულთან (1,124334 მლრდ კვტსთ) შედარებით.

სექტემბერში წარმოებულ ელექტროენერგიაში თბოსადგურების მიერ გამომუშავებულის წილად მოდის 294,371 მლნ კვტსთ ანუ მთლიანი გამომუშავების 26,59%, ჰიდროსადგურების წილად 804,746 მლნ კვტსთ ანუ მთლიანი გამომუშავების 72,69%, ხოლო ქარის ელექტროსადგურის წილად კი 7,164 მლნ კვტსთ ანუ მთლიანი გამომუშავების 0,65%.

სექტემბერში საქართველოს მზის ელექტროსადგურების (კასპის, ხირსას, ჯუგაანის, ქისტაურის, ქედის, გამარჯვების) მიერ ერთობლივად წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობამ 0,783 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 125%-ით მეტის აგვისტოში მზის ელექტროსადგურების (კასპის, ხირსას, ჯუგაანის) მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობაზე (0,347 მლნ კვტსთ).

სულ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ აწარმოვა 10,382649 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გამომუშავებულ მოცულობაზე (11,355939 მლრდ კვტსთ ) 8,6%-ით ნაკლებია.