„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) ივნისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივნისში საქართველოში წარმოებული იყო 1,511288 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია, რაც 10,4%-ით მეტია წინა წლის ივნისთან შედარებით.

სულ, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ 7,334521 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია აწარმოვა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (7,060507 მლრ კვტსთ) 3,9% -ით აღემატება.

2024 წლის იანვარ-ივნისში იმპორტირებული იყო 456 მილიონ 977 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე 23,9%-ით ნაკლებია.

იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობიდან 417 მილიონ 632 ათასი კვტსთ ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მოხმარებაზე 29,1%-ით ნაკლებია.

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი შემცირება ოკუპირებულმა აფხაზეთმა ნაწილობრივ დააბალანსა ენგური და ვარდნილი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ოკუპირებულმა აფხაზეთმა 1,367972 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც შარშანდელ იანვარ-ივნისის მოხმარებაზე (1,449271 მლრ კვტსთ) 5,6%-ით ნაკლებია.

2024 წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებულია 756 მილიონ 998 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის (756,49 მლნ კვტსთ) ანალოგიური მოცულობაა.