საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საბერძნეთში ფინანსური კრიზისი და კაპიტალზე დაწესებული კონტროლი სუსტდება. როგორც ელჩი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, შექმნილი ფინანსური კრიზისის პერიოდში ქართველებს საელჩოსთვის ქვეყნის დატოვების თაობაზე არ მიუმართავთ.

"საბერძნეთში კაპიტალის კონტროლის თემა, ანუ ფინანსური მიმოქცევაზე სახელმწიფო კონტროლის თემა არის შესუსტებული. მათ შორის, ეს უკავშირდება როგორც ანგარიშების გახსნას, ისევე ფულის მიმოქცევას. შეზღუდვები რჩება მხოლოდ ნაღდი ფულის გამოტანაზე, რაც ვრცელდება როგორც ქართველებზე, ასევე სხვა ეროვნების მოქალაქეებზე. საკონსულოს თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ არსებობს. კრიზისის პერიოდში მთავრობამ მყისიერი გადაწყვეტილებები მიიღო თავდაპირველად საბანკო შეზღუდვების გამო ნაღდი ანგარიშსწორების გაწევაზე, ხოლო შემდეგ, გარკვეული სერვისები საერთოდ უფასო გავხადეთ, ეს პერიოდი გადავლილია, ისინი ახლა თავისუფლად სარგებლობენ საბანკო ანგარიშებით. წინა კვირაში გამოიცა საბერძნეთის კანონი, რომელიც 500 ევროს ოდენობის გადმორიცხვის საშუალებასაც იძლევა, იქ არის გარკვეული ტექნიკური შეფერხებები გადამრიცხავ კომპანიებთან, მაგრამ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ხარვეზებიც უკვე ფაქტობრივად აღმოფხვრილია, ასე რომ, სტაბილიზაციისკენ მიდის.

არაოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში 150 ათასი ქართველი ცხოვრობს, რომელიც ფინანსურად და  ეკონომიურად დაკავშირებულია ნახევარ მილიონ ადამიანამდე ქვეყანაში, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ფინანსური კონტროლის რეჟიმი არის შესუსტებული მნიშვნელოვანწილად იმის ჩათვლით, რომ საბერძნეთის მთავრობამ, წინა კვირაში გამოსცა დადგენილება ამ 500 ევროიანი ლიმიტის დაწესების შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კიდევ უფრო გამოსწორდება", – აცხადებს ელჩი.

რაც შეეხება ქვეყანაში შექმნის პოლიტიკურ სიტუაციას, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება და ახლა ყველაფერი დაგეგმილ არცევნებზეა დამოკიდებული. ელჩი ვვარაუდობს, რომ ქვეყანაში კოალიციური მმართველობა ჩამოყალიბდება. მისივე თქმით საბერძნეთში პროევროპულმა ძალებმა გაიმყარეს პოზიციები.

“პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, წელს უკვე მესამე მთავრობა იქნა დათხოვილი, არის დროებითი მთავრობა 20 სექტემბრამდე. გამოკითხვების მონაცემები მიუთითებს, რომ მართალია ლიდერობს სირიზას პარტია, მაგრამ საკმაოდ გაიმყარეს პოზიციები პროევროპულმა ძალებმა და სხვებმა.. ასე რომ, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობასთან საქმე. ახლა უკვე მთავრია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბერძნეთის ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს თავისი მკაფიო პოზიცია, ასეთი დაახლოებით 20-25 პროცენტია, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ჩემი პროგნოზით, შესაძლოა, ყოფილმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვოს, თუმცა, აუცილებლად დასჭირდებათ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისას სხვების მხარდაჭერა”.

რაც შეეხება სირიზას პარტიას, ელჩის განცხადებით, მმართველმა ძალამ არჩევნებში სოციალური დაპირებებით გაიმარჯვა, თუმცა შექმნილი ფინანსური კრიზისის პერიოდში მათ ამ დაპირებებზე უარის თქმა მოუწიათ.

"რეფერენდუმი, რომელიც მმათველი პარტიის მოთხოვნით ჩატარდა საბერძნეთში, ზუსტად უკავშირდებოდა უარის თქმას იმ ტიპის რეფორმირებებზე, რაზეც საბოლოოდ მაინც, ქვეყაანში შექმნილი მდგომარეობის გამო, გადაუდებელი და აუცილებელი გახდა.

საკმაოდ პოპულარულია დღესაც ციპრასი, ამ პოპულარობის დონეს ალბათ ის შეინარჩუნებს. ზოგადი პროგნოზია, რომ მისი პოპულარობის ეს ტალღა იმ დონით ვერ დაიწევს, რომ მას ლიდერობის პრობლემა შეექმნას. პრობლემა მას შეიძლება შეექმნას, რომ არ ყავდეს იმ ტიპის უმრავლესობა, რომელიც საშუალებას მისცემს, მხოლოდ ერთპიროვნულად, თავად ჩამოაყალიბოს საბერძნეთის მომავალი მთავრობა”,  – აცხადებს საბერძნეთში საქართველოს ელჩი.