საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრის ონლაინ სერვისებს შორის ყველაზე პოპულარული ამონაწერის ელექტრონულად განახლებაა. 2016 წლის პირველ კვარტალში მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მომზადების ონლაინ მომსახურებით 2785-მა პირმა ისარგებლა. 2010 წლიდან დღემდე კი ეს მომსახურება 37 715-მა ადამიანმა მიიღო.

როგორც ცნობილია, ბიზნესსუბიექტის შესახებ ამონაწერის განახლება დაინტერესებულ პირებს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის www.napr.gov.ge-ს დახმარებით შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ სერვისის ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, 1 სამუშაო დღის ვადაში ამონაწერის მომზადება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, დაჩქარებული წესით, იმავე სამუშაო დღეს კი - 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი. მოთხოვნის შემთხვევაში, ამონაწერის მიღება ინგლისურ ენაზეცაა შესაძლებელი.

ბიზნესრეესტრის პოპულარული ონლაინსერვისია რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაც. 2010 წლიდან ამ მომსახურებით 2235-მა პირმა ისარგებლა, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი - 144-მა.

„საჯარო რეესტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ბიზნესის მხარდაჭერაა. ჩვენი ელექტრონული სერვისებიც სწორედ ამის დასტურია. დისტანციური მომსახურებებით სარგებლობა ბიზნესსექტორს საჯარო რეესტრთან ურთიერთობას უმარტივებს და მას ჩვენი სერვისებით ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად და მაქსიმალურად კომფორტულად მიღებაში ეხმარება“,-აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

აღსანიშნავია, რომ www.napr.gov.ge -ზე განთავსებული ბიზნესის რეესტრი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს. ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, მოიძიოს ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ. კერძოდ, ვინ არიან მისი მეწილეები, როგორია წილთა თანაფარდობა და ა.შ. სერვისი მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიღებას.