უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის, რვა წლის ბიჭი და 11 წლის მოზარდი. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე განაცხადა.

თავის მხრივ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იზიუმზე რუსული თავდასხმის შედეგად 14 დაშავებულის შესახებ იუწყება.

სინეგუბოვის მონაცემებით, თავდასხმის სამიზნე ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა, ხოლო დარტყმებისთვის მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენეს.

რუსეთის თავდასხმის კიდევ ერთი ობიექტი ქალაქი ჩუჰუივი გახდა. როგორც სინეგუბოვმა Telegram-ზე დაწერა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული იერიშის გამო იქ ორი ადამიანი დაშავდა. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ავტოფარეხები და ავტომობილი.

თავის მხრივ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 2 ნოემბრის დილას Telegram-ზე მიუთითა, რომ წინა ღამით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქში, ბეზლიუდივკის თემის სოფელ ვასიშჩევოზე მიიტანა იერიში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, რუსეთმა მასირებული თავდასხმა განახორციელა უკრაინის ოდესის ოლქზეც. სამაშველო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ხუთი პირი: ოთხი ადამიანი ოდესაში და ერთი - ოლქში.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ოდესაში თავდასხმის შედეგად სასაწყობე შენობებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.

თავის მხრივ, ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა Telegram-ზე დაწერა, რომ რეგიონზე რუსეთის თავდასხმების შედეგად სამოქალაქო, საცხოვრებელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.