რიკო კრედიტის ერთ-ერთი დამფუძნებლის ლაშა ნიკოლაიშვილის შეფასებით, ლარის გაუფასურება სპეკულაცია იყო,-ამის შესახებ მან გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ხალხის ნდობა ლარის მიმართ დაიშალა. 

"დღეს ყველა ამბობს, რა მოუვიდა ლარს. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ ნდობის ბიზნესში. ლარის მიმართ, როგორც ფუნდამენტალურ ინსტიტუტთან, დღემდე იყო ნდობა, დღეს ეს ნდობა ქვეყანაში უკვე აღარ არის. როდესაც მოხდა ნდობის დარღვევა, მასიურად მოხდა თანხების გატანა ფინანსური ინსტიტუტებიდან... ეს იყო სუფთა წყლის სპეკულაცია, დღესდღეობით რაც მოხდა საქართველოში.

შეიძლება დღეს რასაც ვამბობ, ბევრი ამას ვერ გაბედავდა, მაგრამ მე ამას ვბედავ. პრობლემა რაშია, ნდობა დაიკარგა... იყო რაღაც ნდობა, რომ რაღაც ნიშნულის იქით ლარი არ წავიდოდა ზემოთ, რომ იქნებოდა დასტაბილურება და ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის გზაზე არ დადგებოდა, ეს დაიშალა!

ეს სიტუაცია რომ გამოსწორდეს, მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებიდან... დღესდღეობით რომ ჰქონდეს მოსახლეობას გარანტია იმისა, რომ დღეს არის ლარი 2.20-ზე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენზეა, რომ ამის ზემოთ მთავრობა არ მისცემს კურსის წასვლის უფლებას”,-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსმა გაუფასურება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მკვეთრი გაუფასურება რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.26 ნიშნულს მიაღწია. დღეის მდგომარეობით, გაცვლითი კურსი 2.16-ს შეადგენს.