ფოთის პორტი სატვირთო გემებს ვეღარ იღებს. პორტის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელის დაგროვებული ქვიშისა და ღორღის შედეგად დაიკეტა. წყლის სიღრმემ კი იმდენად იკლო, რომ გემების მიღება შეუძლებელი გახდა.

როგორც ფოთის პორტში აცხადებენ, არხის გასათავისუფლებლად მინიმუმ 70 000 კუბური მეტრის ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, რასაც პორტი საკუთარი ტექნიკით ვერ ახერხებს და სპეციალურ ტექნიკას რუმინეთიდან ელოდება. იქმადე კი გემები ბათუმის პორტში მიდიან, თუმცა ბათუმის პორტს სრული ტვირთის მიღება და დამუშავება არ შეუძლია. ბათუმში ერთი საკონტეინერო ნავსადგური მუშაობს. 

ფოთის საზღვაო ნაოსნობის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვახტანგ თავბერიძე აცხადებს, რომ ძლიერი შტორმის გამო პრობლემებთან გამკლავება ვერ მოხერხდა. 

„დაახლოებით რვა, რვა მეტრნახევრამდე უნდა დაღრმავდეს გემი. იქამდე ეკონომიური თვალსაზრისით გემთმფლობელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გემების სხვა პორტებში გადამისამართებაზე“, - აცხადებს თავბერიძე.

BSA Georgia-ს დირექტორი თემურ ბაბილოძე აცხადებს, რომ ვერ ხერხდება ტვირთის დამუშავება და საიმპორტო ტვირთის მიღება, რაც იმპორტიორ კომპანიებს სერიოზულ ზიანს აყენებს. 

„ვერ ხერხდება საიმპორტო ტვირთების გაგზავნა, რამაც შესაძლოა ტვირთის გაფუჭება გამოიწვიოს. არის მალფუჭებადი ტვირთი. ისეთი როგორიცაა თხილი და მანდარინი“, - განაცხადა ბაბილოძემ.

ფოთის პორტისა და გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლების კომენტარებს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ბიზნესკონტაქტი“ ავრცელებს.