ალასკაზე გაზის ტერმინალის მშენებელი ამერიკული კომპანია Polar Train-ის ხელმძღვანელობა გადადგა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პროექტი ფარულ დაფინანსებას იღებს და მას რუსული კომპანია "ნოვატეკი" აკონტროლებს. ამის შესახებ კომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ჯოელ რიდლმა გამოცემებს, The New York Times-სა და Financial Times-ს განუცხადა.

Polar Train ალასკის ჩრდილოეთით თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისა და ექსპორტისთვის ტერმინალის აშენებას გეგმავს. ეს პროექტი, რომლის ღირებულებაც 25 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივის ნაწილი გახდა, რომელიც აზიაში ამერიკული ენერგომატარებლების ექსპორტის გაფართოებასა და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე აშშ-ის პოზიციების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

რიდლის თქმით, კომპანია აპირებდა იმ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც "ნოვატეკის" ტერმინალ "არქტიკა LNG-2"-ზე გამოიყენება და რომელიც უკრაინაში ომის გამო ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა. ამისთვის Polar Train-ს აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) თანხმობის მიღება სჭირდებოდა.

2026 წლის აგვისტოში, აბუ-დაბიში გაიმართა Polar Train-ისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბაზირებული მისი Tech Wave-ის ხელმძღვანელების შეხვედრა. შეხვედრაზე რიდლმა შეიტყო, რომ "ნოვატეკი" უკვე მონაწილეობს პროექტის დაფინანსებაში და ფაქტობრივად მართავს Polar-ის სტრატეგიას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლებისგან რუსულ კომპანიასთან გარიგებებზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა.

ამ შეხვედრამდე Polar Train-ის გენერალურ დირექტორს მიაჩნდა, რომ პროექტს აფინანსებდა, მათ შორის, ამერიკელი ინვესტორი ჯენტრი ბიჩი, რომელიც ტრამპის ოჯახთან არის დაკავშირებული. სექტემბერში რიდლი გადადგა, რის შემდეგაც კომპანია რამდენიმე ტოპ-მენეჯერმაც დატოვა.

Polar Train-ის წარმომადგენლებმა გამოცემებთან კომენტარში რიდლს "უკმაყოფილო ყოფილი თანამშრომელი" უწოდეს და დასძინეს, რომ კომპანიის საქმიანობა ამერიკულ კანონმდებლობას შეესაბამება.

Financial Times-ის ცნობით, რუსეთი და აშშ განიხილავდნენ პროექტ "არქტიკა LNG-2"-სთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას, ალასკაზე გაზის კომპლექსის მშენებლობაში "ნოვატეკის" მონაწილეობის სანაცვლოდ. გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების მიღწევისკენ მიმართული ვაშინგტონის მცდელობების ფონზე წარიმართა.

"ნოვატეკი" უარყოფს, რომ Polar Train-ისთვის ტექნოლოგიების მიწოდება სანქციების გაუქმებას უკავშირდებოდა და პროექტს დამოუკიდებელ კომერციულ საწარმოს უწოდებს.

გამოცემებთან კომენტარში კომპანიამ განაცხადა, რომ დათანხმდა, აბუ-დაბიში ბაზირებული Tech Wave-ისთვის ალასკაზე თავისი ტექნოლოგიების გამოყენების უფლება მიეცა - და 2026 წლის აპრილში Polar Train-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, როდესაც მას ჯერ კიდევ რიდლი ხელმძღვანელობდა.

როგორც The New York Times წერს, სექტემბერში ვლადიმერ პუტინი ალასკაზე თანამშრომლობის საკითხს ვაშინგტონის სპეციალურ წარგზავნილებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან განიხილავდა. თუმცა, ბოლომდე ნათელი არ არის, იცოდნენ თუ არა მათ რუსული კომპანიის მიერ Polar Train-ის ფარული დაფინანსების შესახებ.