დღეს პინგვინის 18 სახეობა გვხვდება სამხრეთ პოლუსიდან ეკვატორამდე. მათი წინაპრები დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე. სანამ მდედრები საშოვარზე არიან, მჭიდროდ შეჯგუფებული მამრები ანტარქტიკის სუსხისაგან იცავენ შვილებს, რომლებიც ჯერ არ გამოჩეკილან. ეს მზრუნველი მშობლები და ერთგული პარტნიორები დედამიწის ისეთ არასტუმართმოყვარე ადგილებში ბინადრობენ, რომ ადამიანებისგან უშუალო შევიწროება მათი ყველაზე ნაკლები სადარდებელია, თუმცა ანთროპოგენური პრობლემები ყველასათვის საყვარელ ფრინველს მაინც უქმნის საფრთხეს. საუბარია საიმპერატორო პინგვინებზე. ვრცელი სტატია „პინგვინების საიდუმლოებანი“ მოგითხრობთ სახეობრივ მრავალფეროვნებაზე, ექსტრემალურ პირობებთან ადაპტაციის უნარსა და სხვა განსაკუთრებულ თვისებებზე, რომელთა გამოც პინგვინები ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებენ.
ივნისის ნომერში მკითხველი გრენლანდიის აქამდე შეუსწავლელ მღვიმეებშიც იმოგზაურებს, რომლებიც პალეოკლიმატის შესახებ მინიშნებებს ინახავს; გაეცნობით მაროკოს ერთ თემს, რომელიც ძველი ცოდნისა და ინოვაციის შერწყმით ცდილობს ოაზისების გადარჩენას. ასევე ინდონეზიელ ოსტატებს, რომლებიც მდგრად მოდას ქმნიან.
ტრადიციული რუბრიკა „საქართველოს ევროპული ისტორია“, ვრცლად გვიყვება XVI საუკუნეში მოღვაწე ფლამანდიელი კარტოგრაფი გერჰარდ მერკატორის რუკის თაობაზე, სადაც საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებულია ტოპონიმი Giorgia. კარგად იკითხება: ფაზისი (Faso), ტამიში (Tamasa), სოხუმი (Sauatopoli), ბიჭვინთა (Pezonda), გაგრა (Cacari), სამეგრელო (Mengrelia) და გორი (Gorides). გერჰარდ მერკატორი პირველი კარტოგრაფია, რომელმაც რუკებით გაწყობილი გამოცემის სახელწოდებაში სიტყვა ატლასი გამოიყენა.
უნიკალური შემეცნებითი ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა. ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემატიკა, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები.
სილქნეტი და ჟურნალი National Geographic საქართველო ერთობლივად შემეცნებითი ლექციებს მართავენ. ამ შეხვედრებზე დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს თემატური კითხვები დაუსვან მოწვეულ სპიკერს. შეხვედრები ჩანაწერების სახით განთავსებულია სილქნეტის საგანმანათლებლო პლატფორმაზე, სადაც ასევე განთავსებულია აუდიო პოდკასტები. მსურველს შეუძლია მოუსმინოს იმ საავტორო სტატიების ჩანაწერებს, რომელიც ჟურნალისთვის სხვადასხვა დროს შეიქნა.
ექსკლუზიურ ფასად ჟურნალ National Geographic საქართველოს ყოველ ახალ ნომერს დაინტერესებული მკითხველი შეიძენს თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ამავე დროს, სილქნეტის მომხმარებელს შეუძლია სპეციალური ფასდაკლებით გამოიწეროს ჟურნალი, რომელსაც მიიღებს ყოველთვიურად ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.