„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების პროგრესს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
„მსურს ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა „სარტყელი და გზის ინიციატივაში“ საქართველოს ადრეულ ჩართულობას და მისი მხარდაჭერის გაგრძელებას.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ ბუნებრივად ვრცელდება მის ენერგეტიკულ შემადგენელზეც.




