ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან „საზღვაო ერთი ფანჯრის ეროვნული სისტემის“ ამოქმედებამ საკმაოდ გააძლიერა და გააუმჯობესა საქართველოში საზღვაო ოპერაციების ეფექტიანობა და გამჭვირვალობა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე ისაუბრა, რომელიც ლონდონში გაიმართა და მასში მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თავის გამოსვლაში მარიამ ქვრივიშვილმა მადლიერება გამოხატა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმართ და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ძვრების, კლიმატური ცვლილებებისა და საზღვაო ტექნოლოგიების მიღწევების გათვალისწინებით,  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას, მისი ზომის მიუხედავად, თანაბარი ხმა აქვს. მინისტრის შეფასებით, ინტერესთა ეს უნიკალური ბალანსი გაეროს  საერთაშირისო საზღვაო ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარესა და გლობალური საზღვაო მმართველობის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

„ჩვენ გვჯერა და ვაღიარებთ დაბალანსებულ ინტერესებზე, გაზიარებულ პასუხისმგებლობასა და ყველა ხმის პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საზღვაო წესრიგს.  იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა და ერთგვარი ხიდი კონტინენტების შორის, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.