„ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
„ეს 30 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალეობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე. თუმცა, მხოლოდ გენერაციის ზრდა საკმარისი არ არის. ძლიერი ენერგოსისტემისთვის საჭიროა ძლიერი ქსელი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც,ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.




