ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან. შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შედგა.

„მრავალმხრივ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა,  IMO-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შუა დერეფნისა და რეგიონული კავშირების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შუა დერეფნის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას, შეუფერხებელ მუშაობას და ჩვენ მზად ვართ IMO-სთან თანამშრომლობისთვის მრავალი მიმართულებით, რომელთა შორისაა შუა დერეფნის მარშრუტზე უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი საკითხები, ასევე ციფრული ჰარმონიზაცია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. ქართულმა მხარემ IMO-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში საზღვაო რეფორმის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის საუბარი შეეხო: ქართველ მეზღვაურების  განათლების და სერტიფიცირების სისტემას, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ნავსადგურების მმართველობის  გაუმჯობესების, საზღვაო განათლების გაძლიერების, საზღვაო სექტორის გაციფრულების და სხვა საკითხებს.  

„ვისაუბრეთ საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის საკითხებზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის. ამასთან, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც საზღვაო სექტორში გენდერული თანასწორობაა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველომ დაიწყო WIMA Europe-ის შექმნა,  რომელიც  რეგიონული პლატფორმა იქნება საზღვაო დარგში მომუშავე  ქალთა ხილვადობის, ლიდერობისა და  ხელშეწყობისთვის.

შეხვედრისას მარიამ ქვივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოში უკვე დანერგილია საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა (Maritime Single Window-ისა), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციებთან სრული შესაბამისობას. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული საქართველოში ჰიდროგრაფიული შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და S-100  სტანდარტზე გადასასვლელად მზადყოფნაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ჩართულობაზე IMO-ს მწვანე ტრანზიციის ინიციატივებში. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს IMO-ს მხარდაჭერილ გარემოსდაცვით პროგრამებში. 

IMO-ს გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.

არსენიო დომინგესთან შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026-ზე ოფიციალურად მოიწვია.