ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ასევე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა IMO - ის გენერალურ მდივანთან, არსენიო დომინგესთან და ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, განსაკუთრებით, შუა დერეფნის კონტექსტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განვითარების პროექტზე, მაგისტრალური გზების მშენებლობაზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას,” - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ასამბლეის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, რომელსაც საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ესაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა ისეთი მნიშვნელოვანი საზღვაო ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს, როგორიცაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, თურქეთი, საბერძნეთი, მალტა, კატარი, კვიპროსი, სინგაპური და სხვა.
“შეხვედრების ფარგლებში ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტისა და შეხვედრების შედეგად გვექნება ხელშესახები შედეგები, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში,” - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი.




