"ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც, პირველ რიგში, მათივე სახეს აჩვენებს," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ლაშხის შეფასებით, ელემენტარული პასუხისმგებლობაა, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ სწორი ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე.
"წარმოუდგენელია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დააბრალო ტექნიკურად გამორჩენა ან მოძველებული ინფორმაციის ამდენი ხნის განმავლობაში განახლება იყოს ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენთან ცვლილებების განხორციელების შემდგომ სხვა ქვეყნებში განხორციელებული ცვლილებები არის ასახული საგარეო უწყებაში. უწყება, რომელიც არის პირველი პასუხისმგებელი პირი ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.
ელემენტარულია, რომ ნამდვილი ინფორმაცია და ფაქტობრივი ინფორმაცია ასახო საკუთარ საგარეო უწყების გვერდზე. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც, პირველ რიგში, მათივე სახეს აჩვენებს, და არა საქართველოს" - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია. ამ თემაზე მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ იცვლება, მაშინ როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას.








