ბერლინში, ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, მკაცრად გააკრიტიკა ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა, - იუწყება გერმანული გამოცემა „ტაგესშაუ“.
ეს ომი „პოლიტიკურად კატასტროფული შეცდომაა“. ამ ომის საჭიროება არ არსებობდა და მისი თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა, თუ ამოცანა ნამდვილად ატომური ბომბის წარმოებისგან ირანის შეჩერება იყო, - განაცხადა შტაინმაიერმა ბერლინში, ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას.
„ჩემი აზრით, ირანთან ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“. ეჭვგარეშეა, რომ შეერთებულ შტატებზე გარდაუვალი თავდასხმის გამართლება დაუსაბუთებელია. ირანი არასდროს ყოფილა ბირთვული იარაღისგან უფრო შორს, ვიდრე 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა დაუშვა, რომ ეს შეთანხმება ჩაშლილიყო, - თქვა ფედერალურმა პრეზიდენტმა.
კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გაემიჯნა ირანთან ომს, სხვა ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, თავი შეიკავა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეფასებისგან.
გერმანიის პრეზიდენტმა მკვეთრი სიტყვები აირჩია: მისი თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკა ფუნდამენტურ რეორიენტაციას განიცდის. „ჩვენს გონებაში არსებული სამყარო ახლებურ გააზრებას საჭიროებს“. დასავლეთი რჩება „ღირებულ ნორმატიულ იდეალად, მაგრამ დასავლეთი, როგორც პოლიტიკური რეალობა, ამჟამად არ არსებობს“ და„ამიტომ, ამ ეპოქაში საგარეო პოლიტიკაში რეალიზმი ნიშნავს: ნუ მოვიტყუებთ თავს“, მაგრამ რეალიზმი ასევე ნიშნავს: „არ წავიდეთ კომპრომისზე საკუთარ პრინციპებთან“.




