„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გაერთიანება, სუვერენიტეტის შენარჩუნება და გამყარებაა, კეთილდღეობა და წინსვლა და სიღარიბის სრულად დაძლევა. ეს არის უმთავრესი მიზნები, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ეროვნულ იდენტობას და თვითშეგნებას კიდევ უფრო გაამყარებს“, - პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის წინსვლა და წარმატებები უსურვა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას აქცენტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სუვერენიტეტი ბევრ რამეში გამოიხატება, ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე აღიარებული დამოუკიდებლობა, არამედ რეალურად, შინაარსობრივად სხვადასხვა მიმართულებით სუვერენული უფლების ქონა - როდესაც ქვეყანა თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ნაკლებადაა სხვაზე დამოკიდებული.

„ვფიქრობ, რომ ერთობით, მონდომებით, ერთსულოვნებით შეგვიძლია არამარტო შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, არამედ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, საქართველოს აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. ეს თითოეული ჩვენგანის მიზანია და ვფიქრობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზანს ვაღწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს - ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, სასურსათო დამოუკიდებლობა, ბევრი იმ რესურსის არსებობა, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღო და შენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იბრძვის ყოველდღე საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში წელსაც აქტიურად მონაწილეობს და რამდენიმე რეგიონში საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. მათ შორის - ქუთაისშია  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და „საქართველოს ფოსტის“ მიერ მოწყობილი სივრცეები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდში, ენერგეტიკოსები კი წელს ოზურგეთში  არიან წარმოდგენილი. ასევე ხონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ფოთში - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

„ყველა ეს მიმართულება  აჩვენებს ამა თუ იმ დარგში პროგრესს, რომელსაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  მიაღწია. ვფიქრობ, საინტერესოა, ვიცოდეთ, თუ რა პროგრესი გვაქვს ბოლო წლებში, რა მიზნებს ვისახავთ და დაახლოებით 2030 წლისთვის რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ამა თუ იმ დარგში. ეს ყველაფერი ერთიანად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, ამყარებს ქვეყნის სუვერენიტეტს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.