პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები და კვების მრეწველობის ტექნოლოგები, რის გამოც ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში მეცხოველეობის მიმართულებით მსხვილ პროექტებს ახორციელებენ, ადგილობრივ კადრს ვერ ასაქმებენ. ამის შესახებ მან ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა და მაგალითად ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის მსხვილი პროექტები მოიყვანა, რომელსაც ის მეცხოველეობაში ახორციელებს. 

"აიპრესთან" საუბრისას, კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი პრემიერმინისტრს ეთანხმება და აცხადებს, რომ სპეციალისტები არ არიან. იმისთვის, რომ ბიზნესმა მოახერხოს ადგილობირვი კადრების დასაქმება, აუცილებელია საქართველოში მომზადნენ კვების ტექნოლოგები და ვეტერინარები.

„ვეთანხმები პრემიერს, რომ საქართველოში დუალური განათლების დანერგვა, რაც პროფესიული განათლების სპეციალურ მიღებას გულისხმობს, აუცილებელია. ჩვენ დღეს არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის ტექნოლოგები, რაც სერიოზული პრობლემაა.

ვეთანხმები პრემიერს იმაშიც, რომ განათლების სისტემის ეს რეფორმა გამოიწვევს უკმაყოფილებას, მაგრამ უნდა შეფასდეს მოთხოვნა-მიწოდება. ამდენი იურისტი არ სჭირდება ერს. მოემზადებიან, შემდეგ ქუჩაში რჩებიან და პრეტენზია აქვთ კიდევ.

ვინ ამბობს, რომ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანების დასაქმება ჭირს, რადგან სამუშაო არ არის? მე მყავს უცხოელი ექსპერტები, როგორც მშენებლობაში, ასევე სოფლის მეურნეობაში, ღვინის ტექონოლოგიაში. ყველგან უცხოელი მყავს და ვეძებ ადგილობრივ პროფესიონალს. ვეტერინარი არ არის, კვების ტექნოლოგი არ არის, სად არის?! უცხოელ სპეციალისტებს ასობით ათას დოლარს ვუხდით წელიწადში. ის რომ საქართველოში ტექნოლოგი სპეციალისტები არ არის, ეს აკადემიური განათლების არ ქონაა. ყველა ქართველი ნიჭიერია და წიგნი უნდა წაიკითხოს. ვიღაცამ უნდა მისცეს ეს განათლება.

ყველას იურისტობა უნდა, ყველას საბანკო საქმე უნდა, ყველას პოპულარული სპეციალობა უნდა და უკვე მიწოდება სჭარბობს მოთხოვნას. ესენი უმუშევარი რჩებიან და ისინი გვაკლია“, - განაცხადა პაპაშვილმა.

"რედიქსის"
დამფუძნებელი „აიპრესთან“ აღნიშნავს, რომ მთავრობა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა სპეციალობის ხალხი სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ დასაქმდნენ.

„მთავრობამ აუცილებლად უნდა გააკეთოს რეკლამა, რა არის მოთხოვნადი სამსახურები და ამას მიაქციოს მეტი ყურადღება. ქართველების ამბიცია კომუნისტებიდან მოდის. ექიმი და იურისტი უნდა გამოვიდე... არავის უნდა ამდენი იურისტი“, - განაცხადა პაპაშვილმა.