კონკურსში მონაწილეობას ოთხი ქვეყანა მიიღებს: საქართველო, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო ღვინის კონკურსი IWSC 2027 საქართველოში ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს კვლავ გააერთიანებს. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ოთხი ქვეყანა მიიღებს: საქართველო, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

IWSC  წელს საქართველოში მეხუთედ დაბრუნდება და საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. კონკურსი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის, კიდევ უფრო გააძლიერონ ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა, მოიპოვონ პროფესიული აღიარება და დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები გლობალურ ბაზარზე.

წელს, პირველად ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ. IWSC-ის კონკურსის გამარჯვებულებს შორის შეირჩევა ერთი მონაწილე, რომელსაც 2027 წელს ლონდონში, London Wine Fair-ზე საკუთარი ღვინის წარდგენის შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, რომ IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება. ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ. 2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეფასების ღონისძიება 23–28 ნოემბერს, გაიმართება.

საქართველოში IWSC-ის მეხუთე ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების მზარდ ინტერესს და ქვეყნის, როგორც ღვინის უძველესი კულტურისა და მრავალფეროვანი მეღვინეობის ტრადიციების მქონე სახელმწიფოს, პოზიციონირებისმნიშვნელობას.

ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს  მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.