მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, კახეთის მთავარი მოვლენა - გურჯაანის ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება. გურჯაანის ღვინის ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება და ტრადიციულად, 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოსა და ჭაჭასა გააერთიანებს.მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

,,ჩვენი საერთო დღესასწაული გრძელდება. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს ჩატარდება. 14:00 საათიდან, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ერთად გელოდებით ისევ გურჯაანში, ისევ ახტალის პარკში დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად, მრავალფეროვანი ღვინოების დასაჭაშნიკებლად, საინტერესო გემოების აღმოსაჩენად და გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად,” - აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

ფესტივალზე მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე და და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3yd9rXf

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.