გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მეღვინეთა რეგისტრაცია დაიწყო! თუ გსურთ გახდეთ წლის ყველაზე მასშტაბური ფესტივალის ნაწილი, გაეცანით რეგისტრაციის ინსტრუქციას.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. მათთვის, ვინც პირველად იღებს მონაწილეობას ფესტივალზე, რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. დასაწყისისთვის, გადადით პორტალზე: https://portal.winefest.ge და გაიარეთ საწყისი რეგისტრაცია. სისტემაში წარმატებით ავტორიზაციის შემდეგ, მთავარ გვერდზე გამოჩნდება ღილაკი „ფესტივალზე რეგისტრაცია“. ღილაკის გამოყენებით გახსენით ფესტივალზე დასარეგისტრირებელი ბმული, შეავსეთ საჭირო მონაცემები, შეიყვანეთ ფესტივალზე მონაწილეობის ყველა საჭირო დეტალი და დაასრულეთ პროცესი.
ხოლო მათთვის, ვინც წინა წლებში იღებდა მონაწილეობას, კიდევ უფრო გამარტივებულია პროცესი: შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი და პორტალის პაროლი, რის შემდეგაც გაივლით ფესტივალზე რეგისტრაციას.
გაითვალისწინეთ, რომ ფესტივალზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად შეავსებთ ფესტივალის სარეგისტრაციო ფორმას. ფორმის შევსებისას აუცილებელია შესაბამისი ველის მონიშვნით დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს.
რაც შეეხება მეწარმეებს, მათი სარეგისტრაციო ფორმა მოგვიანებით გაიხსნება, განახლებული ინფორმაცია განთავსდება გურჯაანი ღვინის ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GurjaaniWineFestival
შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი უცვლელ ადგილას, ქ. გურჯაანში, ახტალას პარკში 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესთან და ქართული ღვინის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმებს.
საიუბილეო წელს, ფესტივალის გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს. სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად მეღვინეობის ქალაქში იქმნება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.




