საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, გიორგი პერტაიას ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პალატას პირველად მიეცა შესაძლებლობა გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსის ფარგლებში ისარგებლოს ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პლატფორმით; გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღოს და აქტიური წვლილი შეიტანოს კომიტეტის მიერ ინიცირებულ მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და მომზადების პროცესში.
„ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას წევრი ქვეყნებისთვის, წარუდგინონ საკუთარი შეხედულებები ევროსაბჭოს, ევროკომისიასა და ევროპის პარლამენტს ევროკავშირის ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან მიმართებით“, - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ევროკავშირის პირველი ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ქვეყნებს რთავს კომიტეტის საქმიანობაში „გაფართოების კანდიდატი წევრების“ დანიშვნით, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე.
სავაჭრო პალატის ცნობით, „გაფართოების კანდიდატი წევრის“ სტატუსის მქონე წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ მოსაზრებები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკეთ გაეცნონ ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივებს ეროვნულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინსტიტუტი 329 წევრისგან შედგება და აერთიანებს 6 ძირითად მიმართულებას-ერთიანი ბაზარი, წარმოება და მოხმარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, დასაქმება, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა გარემოს საგარეო ურთიერთობები.