საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
მისი თქმით, ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტორები, რაც აღნიშნულ რეიტინგს და სტაბილურ პერსპექტივას განაპირობებს, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, როგორც ბოლო წლების, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია ფისკალური დეფიციტის და ვალის მაჩვენებლების დაბალი ნიშნული და კლებადი ტენდენცია მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნივშნელოვანი გაუმჯობესება და მონეტარული პოლიტიკის სიჯანსაღე, ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის როლი.
„გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშის თანახმად, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით, პოტენციურ ზრდასთან დაახლოების პერსპექტივით. ანგარიშში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სტრუქტურული რეფორმებისა და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების როლი, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.







