გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის, მოსავლის დაბინავების პროცესის და ღვინის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.

როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რთველის შტაბი აქტიურად მუშაობს. მობილიზებულია შესაბამისი რესურსები, რათა მოსავლის მიღება და დაბინავება მაქსიმალურად ორგანიზებულად განხორციელდეს.

„წლევანდელი რთველი გამორჩეულია მოსავლის რაოდენობით და, ჩვენი პროგნოზით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი გვექნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მოცულობის მოსავალს ორგანიზებულად შევხვდეთ და არცერთი გრამი ყურძენი არ დარჩეს დაუბინავებელი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. რიგები გარკვეულწილად გარდაუვალია, რადგან მოკლე პერიოდში ხდება კონდიციური ყურძნის დიდი მოცულობის ჩაბარება, თუმცა არსებული შესაძლებლობებით ამ პროცესს მაქსიმალურად ეფექტიანად ვმართავთ და მევენახეებს რიგში ნაკლები დროის გატარება მოუწევთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და შესაბამის რეგიონულ უწყებებს რთველის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რთველის ორგანიზებულად ჩატარებასა და რიგების ეფექტიან მართვაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი, მისი დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და ეს ხარისხი საბოლოოდ აისახოს ღვინოზე. ხარისხიანი ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და მისი ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ღვინის სექტორის წინაშე არსებულ საერთაშორისო გამოწვევებზე. მისი განცხადებით, მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება, შესაბამისად ამ გამოწვევის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა.

„მსოფლიოში ღვინის მოთხოვნა 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც საკმაოდ დიდ გამოწვევებს უქმნის არა მხოლოდ ქართულ ღვინოს, არამედ მთლიანად ღვინის სექტორს მსოფლიო ბაზარზე. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება და ამ კუთხით სტაბილურობა გვაქვს. თუმცა,  გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ ღვინის ხარისხზე კიდევ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ და გავაუმჯობესოთ“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც წლევანდელ რთველთან დაკავშირებით განხორციელდა, ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებაა, რაც ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას.