კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ბი ემ ჯი“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
კერძოდ, ComCom-ის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ ასევე, „ევროპელი დემოკრატებისა“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.