"საბერძნეთის ამბებზე კონცენტრირების ნაცვლად, ინვესტორებს, უფრო მეტად ჩინეთში მიმდინარე მოვლენები უნდა აწუხებდეთ, რადგან საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მცირედით აღემატება ყაზახეთის, ალჟირის და კატარისას", - წერს გამოცემა CNN. ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდ ადამიანს შეადგენს და მთლიანი შიდა პროდუქტით, ამერიკის შემდეგ, რიგით მეორე ადგილზეა. ევროპისა და ამერიკისთვის, ჩინეთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია.
გასულ თვეს, როდესაც აქციებმა დაცემა დაიწყო, ბევრმა ინვესტორმა, აღებული კრედიტების დროულად დაფარვის მიზნით, საკუთარი ინვესტიციები სწრაფად გაყიდა.
"ჩინეთი?-კი. საბერძნეთი?-არა!",-დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება EverBank Global Markets-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩაკ ბალტერმა.
"რა თქმა უნდა, საბერძნეთს მთლიანად ვერ დააიგნორებ, თუმცა, არც ძალიან უნდა ჩაიციკლოს ხალხი ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩინეთი ბევრად მეტს წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისათვის",-წერენ CNNMoney-ს კონტრიბუტორები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინეთის საფონდო ბაზარი პირველად 2007 წლის შემდეგ, ერთ დღეში 8,5 პროცენტით დაეცა.
მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა უკვე რამოდენიმე თვეა ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთ თვეში, დანაკარგმა 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ჩინეთის საფონდო ბირჟის მთლიანი მოცულობის გათვალისწინებით, ბაზრის ღირებულების უდიდესი მაჩვენებლი იქნა დაკარგული.
კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ჩინეთის სახალხო ბანკმა საპროცენტო განაკვეთები რეკორდულ ნიშნულამდე დასწია. ანალიტიკოსები ჩინეთის ბაზრის “კოლაფსს” ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ხსნიან. როგორც ცნობილია, 2009 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ნახტომისებური აღარაა. შესაბამისად, იკლო კომპანიების წლიურმა მოგებამაც. კიდევ ერთ მიზეზად მსოფლიოში ნედლეულზე ფასების ვარდნა სახელდება. ბარელი ნავთობის ფასი ბოლო 1 კვირაა კვლავ დაბლა იწევს.