ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება დასასრულს უახლოვდება. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის სკალირებული მოდელის/მაკეტის ფინალურ ლაბორატორიულ ტესტირების პროცესს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ ქვეკონტრაქტორის, ასევე საინჟინრო-საპროექტო კომპანია „როიალ ჰასკონინგის“ (Royal HaskoningDHV) ორგანიზებით შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა და დირექტორის მოადგილე მამუკა ბურჭულაძე დაესწრნენ.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, „DHI“-ს ლაბორატორიაში აიგო ანაკლიის ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის სკალირებული ზომის 3D მოდელი, რომელშიც ასახულია ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მონაცემები. ჰიდროტექნიკური თვალსაზრისით, ტესტირების ფარგლებში შეფასებულ იქნა 3D მოდელის/მაკეტის მდგრადობა ტალღებისა და შტორმის მიმართ.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის ზურაბ სიჭინავას შეფასებით, „DHI“, რომელიც ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირებასა და კვლევას ახორციელებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიაა, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩასატარებელ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ ტესტირებებში სპეციალიზდება. „DHI“-ს გააჩნია ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება და დღევანდელი მონაცემებით, 115 ქვეყანაში ოპერირებს.

„აღნიშნული ტესტირებით, რომელიც რამდენიმე ფაზად ჩატარდა, მოხდა ტალღმტეხელის სკალირებული მოდელის ტალღის მიმართ მდგრადობის შემოწმება. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის (ტალღმტეხელის) მშენებლობის ფარგლებში,   „DHI”-ს მიერ ჩატარებული ფინალური 3D ტესტირებაზე დაფუძნებული ჰიდრო-დინამიკური კვლევის ფინალური ეტაპი დასრულდა“ - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

მისი თქმით, ტესტირების მესამე, ფინალური ფაზის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება.

„უახლოეს პერიოდში პროექტირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ის მოდელი, რომელიც უნდა აშენდეს ანაკლიის ნავსადგურში, რომლის ჰიდრო-დინამიკური და ტექნიკური მდგრადობის მონაცემები „DHI”-ს მიერ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს დაეფუძნება“ - განაცხადა სიჭინავამ.