ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა.

ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა.

გამოფენა გოგი გიორგობიანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო საღამოზე, მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალური ჯილდო, გულსაბნევი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული. გოგი გიორგობიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოდოკუმენტები გადასცა. ამ დროისთვის, ფოტომასალის გაციფრულება მიმდინარეობს. გოგი გიორგობიანმა გადაიღო ორი ათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.