„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებულია საქართველოს როგორმე მძიმე პროვოკაციებში ჩათრევაში, რაც განპირობებულია პარტიული ინტერესებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ეს ის ხალხია, ვინც უკრაინაში ჩარტერული რეისებით მებრძოლების გაგზავნისკენ მოგვიწოდებდა, რაც პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩართვას ნიშნავდა და რაც ევროკავშირის არც ერთმა ქვეყანამ არ გააკეთა იმ ფორმით, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ. სწორედ ეს ხალხი ითხოვდა, რომ ჩვენს ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. ეს ის ხალხია, რომელსაც მიზანმიმართულად სურს, ქვეყანაში ისეთი რამე მოხდეს, რაც ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩადგეს, რადგან ისე ხელისუფლებაში ვერ მოდიან. მათ არ აქვთ შანსი, რომ პოლიტიკური ქულები დააგროვონ არჩევნებზე. როცა იციან, რომ არჩევნებში განწირული არიან, როგორც ჩანს, მძიმე სცენარისთვის ყველაფერს გააკეთებენ, რომ პროვოკაციებში წვლილი შეიტანონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.