თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე  საერთაშორისო ორგანიზაცია „Lions International“-ის პრეზიდენტს, პატი ჰილს და ამავე ორგანიზაციის საქართველოს კოორდინატორს, ბენტ იესპერსენს, შეხვდნენ.

შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების კუთხით  სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი და მიმართულება განიხილეს. გიორგი ტყემალაძემ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Lions International“-ის მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის სიკეთეებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია საქმიანობა, რომელსაც თქვენ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებთ. ჩვენთვის როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებაა და დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით  განისაზღვრება. ამ სფეროში თქვენი ჩართულობა და გაწეული საქმიანობა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის“, -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„Lions International“-ის წარმომადგენლებს და შეხვედრის სხვა მონაწილეებს ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამები გააცნო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და არსებული გამოწვევების დაძლევა მათი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური კუთხით განხორციელებულ პროგრამებს შორის მზარდია  შშმ პირთა მიმართულებით არსებული პროგრამები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც  არასამთავრობო სექტორთან, ასევე ამ თემის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ამ ადამიანების  რეალობის გაუმჯობესებას ემსახურება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დედაქალაქის საკრებულოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Lions International“-ის წარმომადგენლები ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასასრულს გიორგი ტყემალაძემ საერთაშორისო ორგანიზაცია „Lions International“-ის პრეზიდენტს, პატი ჰილს, საქართველოში მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა.