ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების  მოცულობა მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2 მილიარდ 532 მილიონი ლარით იზრდება და 21 მილიარდ 942 მილიონ ლარს შეადგენს - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახდო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო.

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში გრძელდება და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლები სახეების მიხედვით შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადი - 6 მილიარდ 885 მილიონი ლარი; მოგების გადასახადის სახით, დაგეგმილია 2 მილიარდ 583 მილიონი ლარი, სადაც ასახულია, როგორც საფინანსო სექტორის განახლებული მაჩვენებლების შესაბამისად პროგნოზირებული თანხა, ასევე, პარლამენტში ინიცირებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის შედეგად მისაღები დამატებითი შემოსავლებიც; დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები აღემატება 9 მილიარდ 121 მილიონ ლარს; აქციზის სახით პროგნოზირებულია 2 მილიარდ 365 მილიონ ლარზე მეტი; ქონების გადასახადის პროგნოზი შეადგენს 650 მილიონ ლარს; იმპორტისა და სხვა გადასახადების სახით, ჯამურად, დაგეგმილია 337 მილიონ ლარზე მეტის მიღება.