ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ფილიპინებზე 2 ათასამდე პირი მოკლეს

ფილიპინებზე ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ნარკომაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1,900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პოლიციის უფროსმა, რონალდ დე ლა როსამ განაცხადა.

ფილიპინების პოლიციის ხელმძღვანელმა სენატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფილიპინებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე ხელისუფლებაში მოვიდა.  

პოლიციის ცნობით, ნარკომაფიის წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციისას 750 ადამიანი დაიღუპა.

როდრიგო დუტერტე პრეზიდენტად ივნისის ბოლოს აირჩიეს.  მისი მთავარი საარჩევნო დაპირება  დანაშაულთან  ბრძოლა და ქვეყანაში ნარკოტიკების აღმოფხვრა იყო. ადრე, მან საზოგადოებას იმ ნარკორეალიზატორების მოკვლისკენ მოუწოდა, რომლებიც სამართალდამცავებს ემალებიან.

შეგახსენებთ, გაერო-ს ორმა ექსპერტმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მოუწოდეს, რომ შეწყვიტოს მასობრივი მკვლელობები, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლის კამპანიას უკავშირდება. ექსპერტების მონაცემების მიხედვით, კამპანიის ფარგლებში, რომელიც მაისში დაიწყო, დუტერტეს არჩევის შემდეგ, 900 ადამიანი იქნა მოკლული.

ამის საპასუხოდ, დუტერტემ ერთ-ერთ ექსპერტს სულელი უწოდა და განაცხადა რომ სჯობს დაითვალონ, თუ რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად. შემდეგ პრეზიდენტმა თავად ორგანიზაცია გალანძღა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...