ისტორიაში პირველად, საქართველო შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, თბილისში გაიმართება.

შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტი კერიტ ბრაუნი საქართველოს "ფანტასტიკურ ადგილს" უწოდებს მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად.

"IMMAF-ის პრეზიდენტის სახელით, დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ მივაღწიეთ 3-წლიან შეთანხმებას საქართველოსთან IMAF-ის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ. საქართველო ძლიერი, მებრძოლი ერია, რომელსაც მდიდარი ტრადიციები აქვს უმაღლესი დონის საბრძოლო სპორტში, განსაკუთრებით - ძიუდოსა და ჭიდაობაში.

ეს გრძელვადიანი ვალდებულება არა მხოლოდ აძლიერებს MMA-ს განვითარებას ევროპაში, არამედ მხარს უჭერს IMMAF-ის გლობალურ მისიას სპორტის მსოფლიო მასშტაბით განსავითარებლად.

საქართველო ფანტასტიკური ადგილია და ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმით, რაც წინ გველის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს, მინისტრის პირველ მოადგილეს ირაკლი მეძმარიაშვილსა და საქართველოს MMA ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი კაბულაშვილს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატს მომდევნო სამი წლის განმავლობაში", - აცხადებს ბრაუნი.