მასობრივი სპორტის განვითარებასა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხი ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა ისე, რომ ყველა მოზარდს ჰქონდეს სხვადასხვა კომპლექსში სიარულის ფიზიკური შესაძლებლობა და მატერიალური საშუალება.
„ნამდვილად მისასალმებელია, რომ მოზარდები ჯანსაღი ცხოვრების წესით იზრდებოდნენ და სპორტულ აქტივობებში იყვნენ ჩართულები. საინტერესოა მეტი ინფორმაცია ახალგაზრდების ჩართულობაზე სპორტში და იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ვაუჩერიზაცია ამ პროცესს. ჩემი აზრით, უფრო მეტად ყურადსაღებია ის, რომ განვავითაროთ და ძირეულად შევისწავლოთ ის მიდგომები, რაც არსებობს და დავხვეწოთ არსებული პროექტები შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად. უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა ისე, რომ ყველა მოზარდს ჰქონდეს სხვადასხვა კომპლექსში სიარულის შესაძლებლობა და საშუალება (ფასების გათვალისწინებაც აუცილებელია) . სახელმწიფოს, სხვადასხვა პროგრამით, ამის შესაძლებლობა აქვს და ცდილობს სავალდებულო და საინტერესოც გახადოს განათლების სამინისტროსთან ერთად, მომავალი თაობის სპორტით დაინტერესება.
უპრიანი იქნება საამისოდ მუშაობა ახლა დავიწყოთ, იმიტომ რომ ახალი სასწავლო წლისთვის ხელმისაწვდომი პროგრამები მზად იყოს. გარდა ამისა, მოდის არჩევნები და დაიწყება მუშაობა საარჩევნო პროგრამებზე და მასში სპორტის თემატიკის კონკრეტიკის ასახვის შესაძლებლობა გვექნება. გამოწვევა ჩვენი ახალგაზრდების სპორტით დაკავების მიმართულებით ნამდვილად არის და ამას სახელმწიფო ნამდვილად უზრუნველყოფს იმით, რომ პროგრამა, რომელიც შემუშავდება საარჩევნოდ, გავიაროთ სხვადასხვა ფედერაციასთან კონსულტაციების გზით. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, პროგრამა საკმაოდ ამბიციური იქნება და ამაზე გვქონდა პრემიერთან საუბარი - მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს ხელშემწყობი უნდა იყოს მასობრივი სპორტისთვის.
პარალელურად, რა თქმა უნდა, პროფესიული სპორტით განებივრებულები ვართ, მაგრამ იმედია, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენი გამოწვევაა იმ ბავშვების, მოზარდების დახმარება, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ. ინფრასტრუქტურისა და ფინანსური შესაძლებლობების ჯაჭვის შეკრული წრე არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია შევკრათ ეს წრე და ყველა რეგიონში დავიწყოთ პროგრამების განვითარება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჯანსაღი ცხოვრების წესში. მით უმეტეს, რომ ჩვენთვის მტკივნეულია ახალგაზრდების თემა - ქუჩაში 7-8 საათი ყოფნას, აჯობებს დავაინტერესოთ ისინი სპორტით და მივცეთ შესაძლებლობა იზრუნონ კარიერაზე," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.