მიხეილ ყაველაშვილი უცხოელ პარტნიორებზე: საპირწონედ რას გვთავაზობენ - უნდა ივაჭრო შენი ქვეყნის სუვერენიტეტით? სხვა რას უკავშირდება მათი მუქარები, რომ დაგვასანქცირებენ, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ და ა.შ. „როცა შენ იმ განწყობით ხარ, რომ სიმართლე შენს მხარესაა, თუ დაიწყე, ეს შეიძლება ვიღაცისთვის მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გააგრძელო, თორემ რა გინდა ხელისუფლებაში და საჯარო სივრცეში," - განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეეხო იმას, თუ რის სანაცვლოდ ითხოვენ პარტნიორები ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას და უკან დახევას.
„საპირწონედ რას გვთავაზობენ - უნდა ივაჭრო შენი ქვეყნის სუვერენიტეტით? სხვა რას უკავშირდება მათი მუქარები, რომ დაგვასანქცირებენ, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ და ა.შ. ეს არის მოცემულობა? რომელი მოქალაქე მოგვთხოვს სუვერენიტეტით ვაჭრობას? არ გვეტყვის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ იცავ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის გამოო? მნიშვნელოვანი რა არის - ამ ადამიანების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების (ჩვენ შარშან მცირე ნაწილი ვიყავით და ახლა ეს გაითავისა 84 დეპუტატმა და ხელისუფლების და საზოგადოების ბევრმა წევრმა) ზეწოლა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია. როცა შენ იმ განწყობით ხარ, რომ სიმართლე შენს მხარესაა, თუ დაიწყე, ეს შეიძლება ვიღაცისთვის მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გააგრძელო, თორემ რა გინდა ხელისუფლებაში და საჯარო სივრცეში? თუ ისტორია არ გახსოვს და არ იცი რისთვის იბრძოდა შენი წინაპარი - გადარჩენისთვის. სწორედ ეს გადარჩენის აქტი დაგვანახა საზოგადოებამ და გვკითხა უკან ხომ არ დაიხევთო. ამაში ვართ ერთიანი და მივალთ არჩევნებამდე. სხვა გზა ჩვენს საზოგადოებას არ აქვს. რასაც ჩვენ ვიძახდით „ფანჩატურ 2“-ზე გამართლდა, ეს ის „საზოგადოებაა“, რომელიც გარედან დაკვეთითაა დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა ერთმანეთს ვერ იტანენ,” - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უკვე წლებია, რაც არასამთავრობო სექტორი რაღაც კასტას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. „ზოგჯერ იმდენად დიდია მათი გავლენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებზე მეტის უფლებას აძლევენ თავს, ოღონდ ეგაა, რომ ქართველი ხალხის არჩეულები ისინი არ არიან. ისინი არიან პირდაპირ გარედან დაფინანსებულები და ბედავენ (გაბედეს კიდეც, როცა ჯერ არჩევნების გაყალბებას მოაწერეს ხელი და შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს) ხალხის სახელით საუბარს. ვინ ხართ თქვენ, რას წარმოადგენთ? მე ამ ხალხმა ამირჩია, თან უმრავლესობამ და მეც ვერიდები საქართველოს სახელით საუბარს, რადგან ოპოზიციის ამომრჩეველსაც ვითვალისწინებ. შენ ვინ ხარ, არასამთავრობო ორგანიზაცია რომ მეუბნები ტექნიკური მთავრობა უნდა ავირჩიოთო, ვინ მოგცა ამის ლეგიტიმაცია?" - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.