რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა და, დიდი ალბათობით, წინასწარი დასკვნა რაც იყო, იგივე დასკვნა იქნება საბოლოოდ, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მე ვთხოვდი მეგობრებს და კოლეგებს, რომ დაველოდოთ ამ დასკვნებს. წინასწარ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ დასკვნების საფუძველზე უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რა კლინიკა უნდა აშენდეს, რა მოცულობის და ის ნაწილი უნდა დაინგრეს. პირველადი შეფასებით და დასკვნით, რაც გვაქვს, შეიძლება წინა ნაწილის მხოლოდ საოფისედ გამოყენება, თვითონ კლინიკის და ექიმების საოფისე ფართებად შეიძლება, გამოგვეყენებინა და მეორე ნაწილი სრულ დემონტაჟს ითვალისწინებდა. ეს დასკვნები როცა იქნება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ხარჯეფექტურობაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად მიზანშეწონილია, ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ 50 წელზე მეტხნიან შენობაში, სადაც, მინიმუმ, 25-30-წლიანი ინვესტიცია უნდა იყოს და მოგეხსენებათ, რა ვადებამდე ავდივართ. ასევე, ვადების ნაწილშიც გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ამის რეკონსტრუქციას, თან გაცილებით მეტ თანხასთან ერთად. მიზანშეწონილობაზე და ხარჯეფექტურობაზე ყველა ამ დასკვნის გაკეთების შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ფრაგმენტულად რამდენიმეჯერ გარემონტდა, თუმცა მიზანი არის თანამედროვე, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის არსებობა, რომელიც დააკმაყოფილებს თუნდაც ერთ-ერთ სტანდარტს, რაც კლინიკებს 2025 წლიდან მოეთხოვებათ.
„თუ შესაბამისი ხარჯვის ნაწილში შევადარებთ, ძალიან მარტივია და აქ სპეციალური ეკონომიკური განათლება არ არის საჭირო. ავიღოთ თუნდაც ის 11 მილიონი, რაც 6 000 კვადრატის გარემონტებაში დაიხარჯა, ჯამში თუ 63 000 კვ-ია, მის გარემონტებას ხომ 100 მილიონზე მეტი დასჭირდება? რამდენად მიზანშეწონილია, 100 მილიონზე მეტი დაიხარჯოს კლინიკაში, რომელიც იმავე ტიპის გარემონტებით ვერ შეესაბამება სტანდარტებს და კიდევ გადაკეთებას მოითხოვს, რაც კიდევ დამატებით ხარჯს იწვევს და შეიძლება, 100-ის ნაცვლად 200 მილიონი მივიღოთ ხარჯვა“, – განაცხადა აზარაშვილმა.
აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კლინიკაში იგეგმებოდა ბავშვთა ონკოლოგიის დამატება, მაგრამ ისრაელიდან ჩამოსულმა დელეგაციამ რამდენიმედღიანი დათვალიერების შემდეგ კლინიკის ამ პირობებში პროცესში ჩართვაზე კატეგორიული უარი თქვა და პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელი იყო სრული რეკონსტრუქცია და ახალი შენობის აშენება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საავადმყოფოს თანამშრომელთა ერთ-ერთი შეთავაზების განხილვა, რომ ახალი შენობა აშენდეს თავისუფალ ტერიტორიაზე და პარალელურ რეჟიმში, ახალი შენობის აგებამდე, ფუნქციონირება გააგრძელოს არსებულმა კლინიკამ, აზარაშვილმა განაცხადა, რომ ეს რომ რამდენიმემილიონიანი პროექტი იყოს, შეიძლება, ტერიტორიაზე ლავირება მომხდარიყო, შენობების გადანაცვლება და ა.შ., მაგრამ ეს არის საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი.
„თუ მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება, ის აშენდეს და პარალელურად, აშენების პროცესში, იქვე, რამდენიმე მეტრში მოქმედი კლინიკა არსებობდეს და თეორიულად, რამენაირად შესრულდეს ის პირობები, რაც გვაქვს ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ამ ვერსიასაც განვიხილავთ, რამდენად ეფექტიანი და რამდენად სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის დასაქმებაზე და მათთვის, მინიმუმ, დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე, რაც ხელშეკრულებებით და ყველანაირად გარანტირებული იქნება, რაც, მისი აზრით, იდეალური შეთავაზებაა.