XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ბერნარდინო პინტურიკიოს (1454-1513) სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ინიციატივით, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ საგანძური, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სასახლემ შეისყიდა.
ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში განთავსებული ტრიპტიქის პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
სამუზეუმო ჩანაწერებისა და საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ტრიპტიქი საქართველოში პრინცმა, აშილ შარლ ლუი მიურატმა (1847-1895) ჩამოიტანა. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ნივთი ჯერ – ანდრია დადიანის, შემდეგ კი გრაფ ოლდენბურგის კუთვნილება გახდა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ტრიპტიქი, სხვა ნივთებთან ერთად, საქართველოდან გაიტანეს და ის ერთ-ერთმა ევროპელმა კოლექციონერმა შეიძინა.
ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების განახლების კვალი ეტყობა, ყრმა იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახული, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი ნეტარი ავგუსტინესა და წმინდა პეტრეს XVI საუკუნეში შესრულებული უნიკალური სახებებია.
ტრიპტიქმა საკარანტინო პროცესი უკვე გაიარა და ხელოვნების სასახლეში მისი რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო. სექტემბრის მეორე ნახევარში ის ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.
მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს ევროპიდან სამი ფერწერული ტილო დაუბრუნა: XVI საუკუნის იტალიელი მხატვრის მიერ შესრულებული ორი ნახატი, რომლებზეც ოთხივე მახარებელია გამოსახული და ნიდერლანდელი მხატვრის, იაკობ კამპო ვეიერმანის (1677-1747) „ყვავილების თაიგული“.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.