არქეოლოგიური ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში - აღმოჩენილია წინაანტიკური ხანის სამარხი, ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი, წითელი წერნაქით დაფარული კერამიკა, ნეოლითური ხანის ქვის იარაღები.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით საველე-არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში ნეოლითის,  გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ანტიკური ხანის კულტურული ფენების კვლევა-ძიების მიზნით. (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი -ნარგიზ სურმანიძე)

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა რიყის ქვებისაგან შექმნილი ქვაყრილი  (სიღრმე თ/ზ 20-40 სმ), რომელსაც შესასწავლი ფართობის დიდი ნაწილი ეკავა. ქვაყრილში მცირე რაოდენობით წარმოდგენილი იყო ახალი ქვის,  ლითონისა და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის  (დერგის, ქოთნის, სასმისის) ნატეხები. მათ შორისაა წითელი წერნაქით დაფარული კერამიკაც. შედარებით მეტია ნეოლითური ხანის  ქვის იარაღები, კერძოდ, გაპრიალებული ცული, სალესები, შურდულის ქვები  და პიკისებური იარაღები, ხელსაფქვავის ქვის ფრაგმენტები. განსაკუთრებით ჭარბობს მახვილაურისათვის  დამახასიათებელი ცალგვერდამოღარული საწაფები. ერთეულია კაჟისა და ობსიდიანის იარაღები.  ქვაყრილის ქვემოთ (სიღრმე თ.ზ. 50 სმ)  წინაანტიკური ხანის ერთი სამარხიც აღმოჩნდა. სამარხეული ინვენტარი ცალყურა ქოთნისა და მძივების სახითაა წარმოდგენილი. 

საყურადღებო ჩანს  ყვითელ თიხნარში, ჩაჭრილი წრიული მოყვანილობის ორმოები, რომლებიც თანამედროვე ზედაპირიდან  70 სმ სიღრმეზე დაფიქსირდა. წინასწარი მოსაზრებით ზოგიერთი მათგანი  ხის ბოძების ჩასადგმელად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ერთ-ერთი ორმოს კედლებს კარგად აქვს  შემორჩენილი ბოძის გასამაგრებლად ჩალაგებული რიყის ქვები. რამდენიმე ორმოში ნახშირის ფრაგმენტებთან ერთად ახალი ქვის ხანის კერამიკის,  კაჟისა და ობსიდიანის ლამელებისა და ცალგვერდამოღარული საწაფების ერთეული ნიმუშებიც აღმოჩნდა. თარიღთან დაკავშირებით საბოლოო პასუხის გაცემა შესაძლებელი გახდება ორმოდან აღებული ნახშირის ნიმუშზე  ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ.