საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაკე-საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს თავდადებისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისთვისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის. გივი მიქანაძემ პედაგოგებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე მოიწვია.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით, ტარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.