მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევართა საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსების დაფინანსება იწყება.
ახალი ინიციატივა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება გამოიყოფა და შვიდივე ფაკულტეტის სამეცნიერო აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებისთვის გადანაწილდება.
ახალი პროექტი, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევების წახალისება, ახალი ცოდნის შექმნა, არსებული პროექტების გაფართოება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ხელს შეუწყობს თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და ინოვაციურ პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობის გაძლიერებას.
საგრანტო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალის მოტივაციის ამაღლებას, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კვლევითი გარემოს შექმნას.
საგრანტო კონკურსები მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება თსუ-ის სტუდენტებისთვისაც. მომავალ წელს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებთან ერთად, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს პირველად ექნებათ კონკურსში მონაწილეობისა და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით რესურსებს, რაც მათ დაეხმარებათ განავითარონ საკუთარი კვლევითი უნარები და განახორციელონ ინოვაციური პროექტები.