სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თბილისის 23-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო.
13 500 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები ითვალისწინებს სკოლის გამაგრებას, რესტავრაციას, სრული რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას.
2 ბლოკისგან შემდგარი სკოლის ძველი, 3 სართულიანი კორპუსი, 1900 – 1902 წლებშია აშენებული და ისტორიული ძეგლის სტატუსს ატარებს.
ისტორიული შენობის რესტავრაცია განხორციელდება ჩატარებული ისტორიულ- სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა-რეკომენდაციების შესაბამისად. სკოლის იერსახის აღდგენა მოხდება სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, სპეციალური საშუალებების გამოყენებით, დეკორატიული ლესვით, ლითონის ჭედური ელემენტებისა და ავთენტური ქვის აღდგენით.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლის მე-2 კორპუსსა და ეზოში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას. მოეწყობა კალათბურთისა და ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.
შენობის ისტორიული იერსახე სრულად იქნება აღდგენილი, პარალელურად სკოლა გახდება ევროსტანდარტების შესაბამისი რესურსითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო დაწესებულება.
სრულად ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი, სასადილო და სააქტო დარბაზები.
აღიჭურვება ყველა შესაბამისი რესურსითა და ინვენტარით.
სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება.