ველოდებით ავტორთა უფლებების გაუმჯობესებას, რათა  მათი ჰონორარების შეგროვება და განაწილება სამართლიანად მოხდეს  - ამის შესახებ "საქპატენტის" თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

„ველოდებით ავტორთა უფლებების გაუმჯობესებას, ავტორებისთვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების მიცემას, რათა მათი უფლებები გარანტირებულად იქნაეს დაცული და მათი ჰონორარების შეგროვება და განაწილება სამართლიანად მოხდეს. კანონპროექტი მომზადდა ევროდირექტივების მიხედვით, ჩართულები იყვნენ ევროპელი ექსპერტები, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. მათი უმრავლესობა გათვალისწინებულია,"- განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ელექტრონულ მატარებლებზე ჩანაწერი შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ევროპულ პრაქტიკასაც.

„ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. მოქმედ კანონმდებლობაშიც ასევეა მითითებული და რაც მთავარია საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა უკვე ამ საკითხზე და მიიჩნია, რომ ეს ჩანაწერი ანუ ავტორთა უფლება, რომ ფიზიკური პირების მიერ მათი უფლების ელექტრონული მატარებლების გამოყენების შედეგად, მიეღოთ ჰონორარი, მიიჩნია სამართლიანად და სწორად. ამიტომ ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობაც და კანონპროექტიც," - განაცხადა გიორგაძემ.