GCA-იმ ნაცვლად იმისა, რომ სესხად აღებული ავტორების ჰონორარები უკან დაებრუნებინა, საზღვარგარეთ მივლინებებში უფრო მეტი თანხა დახარჯა - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ჯისიეი-ს საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„ ჩვენ ძალიან ფრთხილი ვიყავით შეფასებების დროს და მხოლოდ ციტირების გზით წავედით, თუ რა ეწერა აუდიტის დასკვნაში იმიტომ, რომ ციფრები არის ზუსტი მეცნიერება და ჩვენ მხოლოდ ციფრებზე გავაკეთეთ აქცენტი - რაში რა დაიხარჯა, რომ ვინმეს არ ეთქვა, რომ აუდიტის დასკვნა, რაიმე ტიპის ინტერპრეტაციებისთვის გამოვიყენეთ. საუბარია სხვა ტიპის დარღვევებზე, რომელიც შეეხება გადასახადების არასწორად წარმოებას. საუბარია ასევე, რომ საბანკო ანგარიშებზე დარიცხული სარგებელი იხარჯებოდა მთლიანად ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ეს პირდაპირ წერია აუდიტის დასკვნაში.
მნიშვნელოვანია, 2022 წელს, როდესაც პანდემია აღარ იყო, მათ უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს და ნაცვლად იმისა, რომ სესხად აღებული ავტორების ჰონორარები უკან დაებრუნებინათ, უფრო მეტი აღებული ჰონორარით, უფრო მეტი პრემია აიღეს, უფრო მეტი ფული დახარჯეს საზღვარგარეთ მივლინებებში და თუ 2021 წელს პანდემიის დროს ავტომობილი შეიძინეს, 2022 წელს უკვე უძრავი ქონება შეიძინეს. ეს არის კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ფაქტები, რომელსაც თვითონაც არ უარყოფენ. ეს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაიწერა აუდიტის ანგარიშზე“,- განაცხადა სოსო გიორგაძემ.