მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში, რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობას დანერგავს. იქნება ეს „ჯისიეი“ თუ „გერა“, თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, ყველას მიმართ უნდა იყოს ერთი სტანდარტი გამჭვირვალობის და რაც მთავარია ავტორებზე მორგებული მექანიზმები - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ “პოსტივის” ეთერში, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის „ჯისიეის“ საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ რა თქმა უნდა, სახეზე საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს, თუმცა ჩვენი ამოცანა ამაზე მეტია, ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი მექანიზმები, ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ავტორთა უფლებების უფრო მეტად გარანტირებულად დაცვას, ამისთვის პარლამენტთან, კერძოდ კულტურის კომიტეტთან ერთად და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ახალ კანონპროექტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთის მხრივ სახელმწიფომ, კერძოდ საქპატენტმა მიიღოს ისეთი ბერკეტები და მექანიზმები, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ავტორთა თანხების განაწილებაში ჩარევას. შეიძენს ისეთ ეფექტიან მექანიზმს, რომ საშუალება მოგვეცეს, სწორად შევაფასოთ და დავინახოთ პროცესები და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებს დავინახავთ, მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან ერთად კანონპროექტზე, წარმოადგენენ სწორედ ევროკავშირს, წარმოადგენენ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე მექანიზმები გააჩნიათ ამ თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამომავლოდ არ დავუშვათ მსგავსი გადაცდომები და მინდა ხაზი გავუსვა, ძალიან მნიშვნელოვანია ავტორების ჩართულობა. საავტორო უფლება, მუსიკის ავტორობა, სიმღერის ავტორობა, ტექსტის თუ არანჟირების, ეს ისეთივე ქონებაა, როგორც უძრავი ქონება და როგორც მაგალითად ბინის გაქირავების შედეგად ვიღებთ შემოსავალს, ასეთივე შემოსავალს იღებენ ეს ადამიანები, ოღონდ ეს უფრო ძვირფასი, ინტელექტუალური საკუთრებაა და ბუნებრივია თითოეული ავტორი უფრო მეტად ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავის უფლებას, რადგან ეს არის მათი შემოქმედება და რაც მთავარია დამწყები ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს მაგალითი. მუსიკა, ხელოვნება, მხატვრობა კარგი საქმეა არა მხოლოდ იმ გაგებით რომ ქვეყნის კულტურას ამდიდრებს, არამედ იმ გაგებით, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ადამიანების ოჯახებისთვის, ეს არის ფინანსური შემოსავალი და თუ ამაში არ იქნება ფინანსური შემოსავალი და ავტორებს არ ექნებათ გარანტიები, რომ მათი შემოსავალი იქნება დაცული, ძალიან ძნელია ამ სფეროში დამწყებებმა მეტი ენთუზიაზმით მოჰკიდონ საქმეს ხელი. იქნება ეს ჯისიეი თუ გერა, თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, ყველას მიმართ უნდა იყოს ერთი სტანდარტი გამჭვირვალობის და რაც მთავარია ავტორებზე მორგებული მექანიზმები“,- განაცხადა სოსო გიორგაძემ.
ცნობისთვის, "საქპატენტმა" საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.