„დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, მიერ სტრატეგიული მიმართულების რანგში აყვანილი სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით ხორციელდება“, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, გააკეთა.
მისი განცხადებით, ეს დედაქალაქის მცხოვრებლების დაკვეთის შესრულებაა.
„მოსახლეობის დაკვეთის შესრულება იმ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატა, რომელსაც ჩვენ ურბანულ განვითარებასა და სატრანსპორტო პოლიტიკას ვუწოდებთ. საუბარია სხვადასხვა ზომის, შემადგენლობისა და მგზავრთტევადობის მოძრავი შემადგენლობების, საავტობუსო და მიკროავტობუსების პარკების მთლიან განახლებასა და შეცვლაზე, გადახდის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შემოღებაზე საპარკინგე მეურნეობის შექმნით, კერძოდ, ზონალური პარკირების დაწესებით ე.წ. სითი პარკის უმწვავესი პრობლემის მოგვარებაზე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტრომობილების წახალისებაზე“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ხაზების შემოღებას გამბედაობა სჭირდებოდა, მაგრამ შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი გახდა.
„მსოფლიო და ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით მოხდა ტაქსებისათვის მოძრაობის უფლების მინიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში და ტაქსების რეფორმის ჩატარება. მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რესურსის ამოწურვის კვალდაკვალ მოძრავი შემადგენლობის ეტაპობრივი ჩანაცვლება ხდება.
ამავდროულად განხორციელდება მეტროპოლიტენების სადგურების ინფრასტრუქტურული განახლების ღონისძიებები. გამოწვევები კიდევ ბევრია და ჩვენი გუნდი ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად მზად არის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.