საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 34-ე წელს აღნიშნავს. იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით დაიწყო. იუბილე, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების ფონზე, საზეიმო ზალპით გაგრძელდა. სამწყობრო მოედანზე განლაგდა კოლოფებად მოწყობილი თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტი.
გაიმართა რეკრუტების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია. ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი 150-მა რეკრუტმა დადო. დღეიდან ისინი წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო
სამსახურში იმსახურებენ.
პირად შემადგენლობას, ქართული ჯარის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურების, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის გამორჩეული სამხედროები, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში სამხედროებმა ჯარისკაცის მრწამსიცწარმოთქვეს.
თავდაცვის ძალების 34-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისი მერი, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს უცხოელი მრჩევლები, თავდაცვის ატაშეები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა (EUMM) და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენლები, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დაესწრნენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი თავდაცვის ძალების ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.