აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გახსნა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ უნიკალურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე მხატვრის პირად არქივს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო წიგნის - „ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ალექსანდრე შარვაშიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა უფასოდ შეეძლებათ. ასევე წლის ბოლომდე გამოფენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმები უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე შერვაშიძე პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარია, რომელმაც საკუთარი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ნამუშევრების ნაწილი სოხუმის სურათების ეროვნულ გალერეაში ინახებოდა, რომელიც 2024 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.